ახალი ამბები მთავარი სამართალი

გირგვლიანის საქმის მოსამართლე: “სინანულით აღვნიშნავ, ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გირგვლიანის გახმაურებული საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის მამას პასუხობს. ის ბრალდებებს არ ეთანხმება და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ მას გადაწყვეტილების მიღებისას კანონი არ დაურღვევია.

მურუსიძის განცხადებით, ის პარასკევს კენჭისყრაში მონაწილეობას როგორც იუსტიციის საბჭოს მდივანი ისე მიიღებს.

„ერთადერთი რასაც მაშინ სასამართლოსგან ითხოვდნენ ეს იყო, რომ მოსამართლეს გაეხადა მოსამართლის მანტია, შესაბამისად აღჭურვილიყო პროკურორის უფლებამოსილებით და გარდა შემსრულებლებისა, ვინც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა ემოქმედა ისე, რომ ასევე სხვა პირებიც მიეცა პასუხისგებაში, რომლებიც აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორები იყვნენ და მოგახსენებთ, რომ  ამ დანაშაულს დასჭირდა სამი წელი გამოძიება და დღესაც მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ყველას მოვუწოდებ და სინანულით აღვნიშნავ, რომ ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ მოსამართლეები ვართ და ვალდებული ვართ ვიმოქმედოთ კანონით.

ოჯახის ტრაგედიის შემდეგ ყველაზე დიდი ზეწოლა იყო ჩემზე, მე ამას ადამიანურად განვიცდი. ეს იყო კანონები, რომლებიც იყო თავსმოხვეული სასამართლო ხელისუფლების წინაშე“ – განაცხადა მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მოსამართლეთა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, რისი კანონიერი უფლებაც მას აქვს, თუმცა ოპოზიციისა და არასამთავრობოების მთავარი პრეტენზიის მიზეზი ის გარემოებაა, რომ მურუსიძე არჩევნების პროცესში ერთდროულად კანდიდატი და გადაწყვეტილების მიმღები პირი იქნება.

იტვირთბა....