ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საგარეო ვაჭრობის მონაცემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აპრილში ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა.
„აპრილში საქართველოდან 70.2 პროცენტით გაიზარდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტი, მათ შორის არის სასოფლო-სამეურნეო და მისი გადამუშავების სექტორის პროდუქცია, წიაღისეული და ბევრი სხვა მზა პროდუქტი, რომელიც საქართველოდან გადის, მათ შორის ევროპულ ბაზრებზე“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 4-თვიანი პერიოდის მაჩვენებლით, ექსპორტის ზრდა 20%-ია.
„ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვითარდება და თანდათან მიმდინარეობს აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია არ დასრულებულა, ვაქცინაციამ, საგარეო ბაზრების გამოღვიძებამ და ჩვენმა სახელმწიფო პროგრამებმა, რითიც ვეხმარებით ქართულ წარმოებას, სოფლის მეურნეობას თავისი შედეგი გამოიღო“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი თითქმის 20%-ით გაიზარდა. ამასთან, აპრილში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 70.2 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 378.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 21.6 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემსაც.
წყარო: businessformula.ge