ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: სამადაშვილმა თუ თქვა, პარტია დაიცალა ინტელექტისგანო, რეალობისგან შორს არის

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია არ ეთანხმება ყოფილი თანაპარტიელის, სალომე სამადაშვილის შეფასებას, რომელიც პარტიის ინტელექტისგან დაცლას ეხება.როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, გულდასაწყვეტია, რომ სამადაშვილის მხრიდან მსგავსი განცხადება გაკეთდა.

„სალომე სამადაშვილმა თუ თქვა, პარტია დაიცალა ინტელექტისგანო, ეს რეალობისგან ძალიან შორს არის, მე მას აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ეს არის პირიქით და ძალიან გული მწყდება, რომ მსგავსი განცხადება გაკეთდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მას წარმატებას ვუსურვებ. მას აქვს თავისი არჩევანი და ლეგიტიმური უფლება, მიიღოს ის გადაწყეტილება, რა გადაწყეტილებაც მიიღო. მე უფლებას ვიტოვებ, ყველა ჩვენს პარტნიორს, ყველა კოლეგას ვთხოვო, რომ ერთმანეთს თავს ნუ დავესხმებით. ეს განცხადება არ ემსახურება ჩემი სურვილების აღსრულებას, რომ ერთმანეთს თავს არ დავესხათ, მინიმუმ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამით ბევრ ადამიანს ადგება შეურაცხოფა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისათვის, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება, თუმცა შესაძლოა, დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად.

იტვირთბა....