ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

როგორ გავარჩიოთ სოცქსელში მცდარი ინფორმაცია ნამდვილისგან?

გამოსავალი: მედიის წიგნიერების დონე უნდა ამაღლდეს – ნინო დანელია

რამდენიმე დღის წინ ქართული საინფორმაციო ინტერნეტ გამოცემების მიერ ამერიკული მედია საშუალების, CNN-ის სახელით ინფორმაცია გავრცელდა, სადაც მსოფლიოს ჭკვიანი ადამიანების ათეული იყო გამოქვეყნებული. ათეულში პირველ ადგილს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იკავებს.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ინფორმაცია ireporter.com-ზე იყო ატვირთული, რომელსაც CNN-ის რედაქტორები ინფორმაციის მიღების საშუალებად იყენებენ. აღნიშნულ საიტზე ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. CNN კი მოგვიანებით იმ იმფორმაციას, რომელიც მისთვის საინტერესოა, ამოწმებს და სტატიაზე ბეჭდის გამოსახულების დადებით ადასტურებს.

ქართულმა ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ, რომლებსაც ამ საიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია CNN-ის სახელით გაავრცელეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, რომ თოთქოს რეიტინგი, სადაც ბიძინა ივანიშვილი პირველ ადგილზეა, CNN-მა გამოაქვეყნა. სინამდვილეში კი ჩვენ ასეთი სახით გავრცელებული ინფორმაცია თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ მცდარად.

ქართული იუმორისტული, დეზინფორმაციული გამოცემა „ჩიტი ნიუსის“ რედაქტორი საბა ლეკვეიშვილი ამბობს, რომ ტექნიკურად ireporter.com-ზე ინფორმაციის ატვირთვა სირთულეს არ წარმოადგენს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია.

„ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ფორუმი, ბლოგი ან ნებისმიერ პლათფორმაზე ერთი სიტყვა მაინც აქვს გამოქვეყნებული, ერთი კლიკით შეუძლია ნებისმიერი მასალის დადება. საიტი შედგება მთლიანად იუზერების მიერ გამოქვეყნებული სტატიებისგან ეს CNN-ისთვის ერთგვარი წყაროა იმისათვის, რომ მიიღოს ინფორმაცია და თუ დააინტერესებთ, მერე ამ ინფორმაციას იყენებენ (ცხადია გადამოწმების შემდეგ). გადამოწმებული და CNN-ის მიერ გამოყენებულ მასალას დიდად არტყია ხოლმე CNN-ის ბეჭედი, საიტზევე”-  აღნიშნავს საბა ლეკვეიშვილი.

ლეკვეიშვილისვე თქმით, ძირითადად იმ მასალას ექცევა ყურადღება, რომელიც CNN-ის დავალებების პასუხად იდება.

„მაგალითად, დაიდება თემა, რომ ამ კვირაში გვაინტერესებს ამინდი და მასთან დაკავშირებული გართულებები. თუ არის სადმე დიდთოვლობა, წყალდიდობა ან გრიგალი, ვიღაცა დებს ფოტოს, ვიდეოს და მიაქვთ მერე. სხვა შემთხვევაში, ის, რაც iReporter-ზე იდება ჩვეულებრივ ბლოგებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელზეც CNN-ის რედაქცია არ არის პასუხისმგებელი“- ამბობს ლეკვეიშვილი.

მედია ექსპერტის, ნინო დანელიას თქმით, ადამიანების მედია წიგნიერების დაბალი დონე განაპირობებს იმას, რომ ძალიან ბევრი მკითხველი სრულიად აბსურდულ ინფორმაციას იჯერებს, რომელსაც  საეჭვო რეპუტაციის ონლაინ გამოცემები ავრცელებენ.

„აქ არის ერთადერთი კლასიკური გამოსავალი – მედიის წიგნიერების დონე უნდა ამაღლდეს. ეს მარტივი არ არის, იმიტომ, რომ უნდა დაიწყოს ახალი ამბის, როგორც ინფორმაციის, ფაქტის გამორჩევის სწავლება სკოლის ასაკიდან და უნდა შევეცადოთ,რომ ადამიანებმა შეძლონ გაარჩიონ ერთმანეთისგან ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებულია და ინფორმაცია, რომელიც გადაუწმომებელია. მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომელი გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  კითხულობენ. არის რიგი გამოცემებისა, რომლებიც უკვე დამკვიდრებული არიან, როგორც ასე ვთქვათ, მატყუარა ან პროპაგანდისტი ონლაინ გამოცემები. ესეთი ბევრია, თუმცა ძალიან ცოტაა ისეთი ონლაინ გამოცემა, რომელიც არის ღირსეული და ავრცელებს გადამოწმებულ ინფორმაციას,  რა შემთხვევაშიც, ზუსტად ვიცით, რომ ეს წყარო სანდოა“- განაცხადა დანელიამ.

ნინო ცხადაია

 

 

 

იტვირთბა....