დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი სინოფარმის ვაქცინით აიცრა. მან აცრა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში ჩაიტარა. ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პანდემიის დასრულების სხვა ალტერნატივა არ არსებობს და მოსახლებას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა.
“კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გადის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს პანდემიის დამარცხებამდე და ჩვენს ქვეყანას მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. პატარა ქვეყანა ვართ, ეს ჩვენთვის დაძლევადი საკითხია. შეიძლება ერთიანად მოვბილიზდეთ, ყველამ მივიღოთ ჩვენთვის განკუთვნილი ვაქცინა და ამითი ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ზახაშვილმა.
4 მაისს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, სინოფარმით აცრა კი 4 მაისიდან დაიწყო.