ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ენმ-მ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
როგორც ტვ პირველის ეთერში დეკანოიძემ აღნიშნა, მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.
“პირველ რიგში, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და ეს იქნება ქართული ოცნების გადაწყვეტილება. ჩემი უშუალო პოზიციაა, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა გათავისუფლება, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა მიიღოს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა და რატომ, რაციონალურად გეტყვით: პირველ რიგში იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვთანხმდებით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გავდივართ და ეს უნდა ვაქციოთ რეფერენდუმად – ჩვენ გვესმის ყველას, რომ ეს არ არის ის შედეგი, პრინციპულობით, მე ვფიქრობ, უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა, მაგრამ 43% იყოს რეფერენდუმი, დავუშვათ – მაშინ, შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ფრონტზე ამისთვის. ეს არის ჩემი პოზიცია, პირადი პოზიცია. რა თქმა უნდა, ნიკას გამოსვლის შემდეგ, ჩვენ გვექნება კონსულტაციები. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მისი პოზიცია”, – აცხადებს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუემტნზე ხელმოწერის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტის საქმინობაში ჩაერთო. ნაციონალური მოძრაობა კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.