ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს და არსებული ხელისუფლება ამ წელს აუცილებლად შეიცვლება, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად, მძლავრი მიზიდულობის ცენტრია საჭირო.
როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ თქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს.
“ყველა პოლიტიკოსს შეუძლია, თავისი განცხადება გააკეთოს. ნაკლებად მაინტერესებს და მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კომენტატორი. ჩემს ინტერესში საერთოდ არ შედის და ვფიქრობ, რომ ნაკლებად სტრატეგიულია. ჩემი მოდელი ყველამ ძალიან კარგად იცის და შემიძლია გავიმეორო, საქართველოში ხელისუფლება რომ შეიცვალოს, აუცილებელია მესამე, მძლავრი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა. ქართულ ოცნებას თავისი რაღაცა ნეგატიური კამპანიით, არაფრისმკეთებელი ნეგატიური კამპანიით, შვიდი არჩევნები აქვს მოგებული ფაქტობრივად. ბოლო არჩევნებში გააყალბა კიდეც, ამის გამო არის რეფერენდუმი ოქტომბერში დანიშნული. შემდეგნაირად ვუყურებ მომავალს, ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი. შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებისკენ იძულება გავაკეთეთ ადამიანებმა, რომელსაც თითქოს დაბალი მხარდაჭერა გვქონდა შედარებით, მაგრამ გვეყო ძალა და გამბედაობა, პასუხისმგებლობა აგვეღო ჩვენს თავზე. ასე უნდა შევათანხმოთ ყველა მხარემ, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და პერსონალურ კინკლაობას და დაპირისპირებას ავაცდინოთ ეს ქვეყანა. მესამე მძლავრი ცენტრი თუ არ შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა დოიჩედ ველეს რუსულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რომ მას საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს და არსებული ხელისუფლება ამ წელს აუცილებლად შეიცვლება.