ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სინოფარმისა და სინოვაკის ეფექტიანობის შეფასება – ჯანმო მასალებს აქვეყნებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინების ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასებას აქვეყნებს.

პრეზენტაციიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის მიხედვით, სინოფარმის ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 18-59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში საშუალოდ 78,1%-ს შეადგენს.

ცდების პერიოდში გამოვლენილი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში აღნიშნულია, რომ ცდების დროს სინოფრამის ვაქცინას მწვავე ალერგიული რეაქცია (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი) არ გამოუწვევია.

ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფის წევრები დარმწუნებულები არიან, რომ 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სინოფარმის ვაქცინის ორი დოზა ეფექტურად ახდენს COVID-19-ის პრევენციას და სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობა დაბალია.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში სინოფარმის ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ხარისხი დაბალია.

რაც შეეხება, სინოვაკს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ვაქიცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, სიმპტომატური COVID-19-ის პრევენცია საშუალოდ პაციენტების 67%-ში ხდება, ჰოსპიტალიზაციის რისკი შემცირებულია 85%-ით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის საფრთხე 89%-ითაა შემცირებული, ხოლო სიკვდლიანობა 80%-ით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში, სინოვაკის ვაქცინის ორი დოზა ეფექტიანად ახდენს COVID-19-ის პრევენციას და სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობა დაბალია.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სინოვაკი 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებშიც ეფექტიანია.

სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში მიიღებს.

წყარო: 1tv.ge

იტვირთბა....