ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ მეცნიერებს უჭირთ საუბარი იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია ჩინური ვაქცინები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ამ დრომდე არ აქვთ.
შეკითხვაზე, შევძლებთ თუ არა ევროპაში მოგზაურობას ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში, წერეთელმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან განიხილება მხოლოდ იმ ტურისტების მიღება, რომლებიც ევროპის მიერ აღიარებული ვაქცინებით იქნებიან აცრილი.
“ევროკავშირი ფიქრობს, რომ გახსნას ისევ საზღვრები, რომ როგორმე ეს მოგზაურობები აღდგეს და მსჯელობენ იმაზე, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ორჯერ იქნებიან აცრილი, მისცენ უფლება, იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში… ამ ეტაპისთვის, რაც დღეს წარადგინა ევროკავშირმა, მათ უნდათ, რომ დაუშვან იმ მოქალაქეების მოგზაურობა არაევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც აცრილი არიან ამ მომენტისთვის მხოლოდ ევროკავშირის მიერ ნებადართული ვაქცინებით, თუმცა აქვე მათ დასძინეს, რომ ჩვენ შემდგომში გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებიც შევიტანოთ თუ არა ამ სიაშიო. ამ მომენტისთვის, მათ ხაზი გაუსვეს, რომ იმ ვაქცინებზეა საუბარი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული”, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.
შეგახსენებთ, საქართველო ხვალიდან ჩინური ვაქცინით – სინოფარმით ვაქცინაციას იწყებს. სინოფარმს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ მიუღია.