როგორც სხვადასხვა მიზეზი არსებობს, თუ რატომ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი, ასევე ყველა განშორებას თავისი ინდივიდუალური მიზეზიც აქვს. თუმცა არსებობს საერთო ნირი, რომელიც თითქმის ყველა დაცილებულ წყვილს აერთიანებს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარიანტს, რის გამოც პარტნიორი ოჯახიდან მიდის:
1, მას უბრალოდ აღარ უყვარხართ
ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც წყვილები ერთმანეთს შორდებიან.თუ რატომ ხდება ეს, ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. რაც ყველაზე სამწუხაროა, გამქრალი სიყვარულის აღდგენა თითქმის შეუძლებელია. კვლევების მიხედვით, წყვილმა, რომელმაც სცადა „თავიდან დაეწყო ყველაფერი“, უმრავლეს შემთხვევაში სასურველ მიზანს ვერ მიაღწია.
გამოსავალი ერთია, უნდა გახსოვდეთ, რომ არ ხართ ერთადერთი. ხალხი ყოველდღიურად ხვდება და შორდება ერთმანეთს. იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება კი, ვისაც აღარ უყვარხართ, იმაზე მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე-დაშორება.
2, პარტნიორმა თქვენგან სიყვარული ვეღარ იგრძნო
ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, თქვენდა სამწუხაროდ, მოახერხეთ და მას თავი აგრძნობინეთ ძმად, მამად, მეზობლად, მეგობრად…. ყველაფერ დანარჩენად, მაგრამ არა ვნების ობიექტად. ამგვარი შემთხვევა ყველაზე ხშირად იმ წყვილებს მოსდით, ოჯახს ადრეულ ასაკში რომ ქმნიან. რომანტიკული ურთიერთობები დროთა განმავლობაში ნათესაურით ეცვლებათ. არის შემთხვევები, როცა ამგვარი კავშირით ოჯახის არსებობას არჩევენ, თუმცა ხშირად პარტნიორებიდან ერთ-ერთს რომანტიკული ურთიერთობის შეგრძნება სურს და ოჯახიდან უბრალოდ მიდის.
ასეთ შემთხვევაში, თქვენკენ კარგი ის არის, რომ წასული პარტნიორი თქვენ მეგობრად დარჩება. თქვენ კი მაგალითი უნდა აიღოთ ამგვარი შემთხვევისგან და ახალ ურთიერთობაში იგივე შეცდომები არ დაუშვათ.
3, პარტნიორი თავს დაუფასებლად და იგნორირებულად გრძნობს
ეს შემთხვევა ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი. თუ არ ცდილობთ ურთიერთობის გადახალისებას, პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებას, გრძნობის შენარჩუნებას და ფიქრობთ, რომ მთავარია მხოლოდ ხელმოწერა და ჯვრისწერა, დანარჩენი კი უმნიშვნელოა, ცდებით. დიდი ალბათობა არსებობს, რომ პარტნიორმა თავი იგნორირებულად იგრძნოს და წასვლის სურვილი გაუჩნდეს.
თუ უკვე მოხდა მსგავსი რამ თქვენ ცხოვრებაში, დრო დაუთმეთ მის გააზრებას, იპოვეთ თქვენი შეცდომები, აღიარეთ და ეცადეთ აღარ გაიმეოროთ.
4, პარტნიორი სხვას შეხვდა
დაშორების ყველაზე მტკინვეული მიზეზია, მაგრამ ხანდახან ეს ყველაზე კარგი შემთხვევაა, რადგან ამ დროს, უფრო ადვილი ხდება ურთიერთობის გაწყვეტა. ამ დროს პარტნიორის წასვლის მიზეზი მკაფიოა და აღარ რჩება კითხვები – იქნებ რამე გამოსწორდეს? ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია, თუმცა, კვლევების მიხედვით, მათი უმრავლესობა საბოლოოდ მაინც ინგრევა.
ამგვარ შემთხვევაში, ნუ დაიდანაშაულებთ თავს, ნუ მოაწყობთ დრამას, ეცადეთ სიტუაციას რალურად შეხედოთ და ცხოვრების სხვა, ნათელ მხარეებზე გააკეთოთ აქცენტი.
5, პარტნიორს საერთო აღარაფერი აქვს თქვენთან
თუ წყვილმა სხვადასხვა მხარეს აიღო განვითარების გეზი და მათ საერთო აღარ აქვთ…. გაერთიანება შეუძლებელი ხდება. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უცბად არ ხდება და ხშირად, რამდენიმე წლის ოჯახები სწორედ ამ მიზეზით ინგრევა. ასეთ შემთხვევებში, ინტერსიც არ არსებობს წყვილს შორის, რომ როგორმე ურთიერთობა გადაარჩინონ.
ასეთ დროს, ჰკითხეთ თქვენს თავს, როგორი ცხოვრება გინდათ, რა გაინტერესებთ და თუ სამწუხაროდ იქ თქვენი პარტნიორი არ მოიაზრება, უმტკინვეულოდ დაშორდით.
ზოგადად კი, ოჯახის ნგრევა რთულ ფსიქოლოგიურ პროცესებს მოიცავს და სასურველია ის არ მოხდეს, თუ ზემოთხსენებული ან სხვა მიზეზები არ არსებობს.