ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაზარაძე: ვაპირებ, შევიდე მელიასთან და ვესაუბრო, რომ დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს

ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მონახულებას გეგმავს.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მელიასთან გირაოსა და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხებზე ისაუბრებს.

“ვაპირებ, უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან. მოვინახულო იგი და ვისაუბრო ორ საკითხზე – რომ იგი დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს. მეორე საკითხი, რომელიც მე მასთან მინდა გავიარო, ეს არის საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნა”, – აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

გიორგი რურუა პრეზიდენტმა 27 აპრილს შეიწყალა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ 26 აპრილს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საგანგებო განცხადება გაავრცელა.

მელია განცხადებაში ოპოზიციას და ქართულ ოცნებას მიმართავს და პარლამენტიდან ამნისტიის კანონპროექტის გაწვევას სთხოვს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს სანაცვლოდ, საპატიმროს დატოვებაზე დათანხმდება.

 

იტვირთბა....