21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შსს-ის ინფორმაციით შეიარაღებული მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში მცხოვრები, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუა იყო. მომხდარის შემდეგ 192 დღე გავიდა და შსს-მ ისევ ვერ მიაგნო მის კვალს.
შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბევრჯერ მიმართეს კითხვით, თუ სად იმყოფება ან როგორ მიმდინარეობს გამოძების პროცესი, რაზეც მისი პასუხი იყო, “სად წავა? დღეს არა ხვალ დავაკავებთ”.
“ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის შეკითხვები ჟურნალისტებისგან, რომ აბა, რას შვრებით? უკვირს ხოლმე ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში? ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, ეს არის პირველ რიგში ჩვენთვის ღირსების თემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ და ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ”, – ეს განცხადება გომელაურმა პარლამენტში მოსმენზე გააკეთა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.