ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში პოლიციის მიერ მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

როგორც მეტრონომს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

“2021 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილი მაშინ დაჭრეს, როდესაც მათ, სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

იტვირთბა....