საქართველოს საავიაციო ბაზარზე, დღეიდან, რეგულარულ ოპერირებას ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინული ავიაგადამზიდველი 30 აპრილიდან 13 ივნისამდე, კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს. 13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისების განხორციელება კვირაში 1 სიხშირით გაგრძელდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რეგულარული რეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.
“ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 29 აპრილს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.