დღეს წითელი პარასკევია. დიდი პარასკევი ქრისტიანული სამყაროსთვის ყველაზე მძიმე დღეა.
დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევნილება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.
გარდამოხსნას უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად, საკურთხევლიდან გამოაბრძანებს. მოხდება ტაძარში ერთხელ შემოტარება და მას ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ. შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი – მხოლოდ პურსა და წყალს.
მორწმუნეები დღეს სიმბოლურად, კვერცხებს წითლად ღებავენ.