ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან და ამ შეკრებაზე განხილული იქნება ამნისტიის საკითხი. ლელო საქართველოსთვის გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეისწავლის. მამუკა ხაზარაძემ მეტრონომს განუცხადა, რომ ქართული ოცნება ამინისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას მალავს და ცდილობს მას თავისი ინტერპრეტაცია მისცეს.
“პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც მოვაწერეთ ხელი, სხვანაირად იქნა გადათარგმნილი ქართული ოცნების მიერ. გუშინ მოვისმინეთ, რომ ისინი აპირებენ დიდ ამნისტიას, რომელშიც ფართო სპექტრი მოექცევა. აქამდე არსებობდა სამი პოლიციელი და 16 მანიფესტანტი, რომელზეც იყო საუბარი. ლელო გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია და საბოლოოდ დადგეს ვინაობა, თუ ვისზე არის საქმე აღძრული. ეს საკითხი არის უცნობი, რადგან ქართული ოცნება და პროკურატურა ინფორმაციას მალავს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, მხარი დაგვიჭირონ ამ ინიციატივაში, შეიქმნას საპარლამენტო კომისია”, – თქვა ხაზარაძემ.
ცნობისათვის, გიორგი რურუა პრეზიდეტმა შეიწყა და მან საპატიმრო 27 აპრილს დატოვა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.
იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.
ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.
ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.