ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილიმა, ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სალხინოს ტაძრის ეზოში დღეს მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
მეუფე სტეფანემ თქვა, რომ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება არ მომხდარა.
“შეტევა დღეს ხორციელდება უტიფრად. რა უნდა ამის შეფასებას. ამბობენ, რომ მღვდლებმა ერთამენთში იჩხუბეს. ამ დროს, ჩხუბობენ ის მღვდლები, რომლებსაც ყველა ეთერს უთმობენ და ყველანაირად ადიდებენ. ამბობენ, რომ მოხდა დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის. სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ არავითარი დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის არ მომხდარა. რამდენიმე ადამიანი, რომელსაც მაღალი ტემბრის ხმა გააჩნია და კივილის დონე ისეთი აქვს, რომ შეუძლებელია, რომ ვინმემ გადაფაროს, ის ადამიანები კივიან. ჩხუბის სიტუაციას ქმნიან – ჩოჩქოლს და ა.შ.” – განაცხადა მეუფე სტეფანემ.
ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში დღეს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მიტროპოლიტ სტეფანეს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის პირველად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეტუკიას, ხოლო მეორედ მეუფე სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა.