საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, არჩილ თალაკვაძე როგორც ქართული ოცნების მებრძოლი, გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე იყო პარლამენტის თავმჯდომარე.
როგორც ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ვოლსკიმ აღნიშნა, თალაკვაძეს “საკმაოდ დიდი” რესურსი გააჩნია.
“საზოგადოებას ავიწყდება ბევრი რამ და შევახსენებ, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, არჩილ თალაკვაძე ერთ-ერთი მთავარი პერსონა და წარმმართველი ძალა იყო, როდესაც C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო. ასევე ის შინაგან საქმეთა მინისტრის საკმაოდ კარგი მოადგილე იყო და უშველებელი რესურსი გააჩნია, თუნდაც პოლიტიკურ ველზე ბრძოლაში. ეს ბრძოლის თემა რატომღაც მეორე პლანზე გადაგვყავს. წარმოიდგინეთ, არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე, საკმაოდ მყარი და ძლიერი არგუმენტებით ამ პოლიტიკურ დაძაბულ ბრძოლაში გაცილებით უფრო ქმედითი იქნება, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. გარდა ამისა, არ არის ეს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ხასიათდება მაგალითად, ერთპიროვნული მართვის სტილით. ჩვენთან არ არის ისე, რომ ვთქვათ, პარლამენტის წევრი რამით ნაკლებია პარლამენტის თავმჯდომარეზე, ან პირველ ვიცე-სიკერსა და სპიკერზე. როლები გადანაწილებულია, საქმისა და ფუნქციის მიხედვით. ჯერ ერთი, დღეს ამ თემასთან დაკავშირებით სულ რომ არ ვილაპარაკოთ, ეს მომავალში გამოჩნდება. ასე რომ, ვფიქრობ, რომ არჩილ თალაკვაძე, როგორც ქართული ოცნების მებრძოლი, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.