ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ელისაშვილი, ხვიჩია, მეგრელიშვილი – ეს ადამიანები თავს რომ ასაღებენ ოპოზიციონერებად, რატომ არ ეუხერხულებათ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ამნისტიისა და გირაოს საკითხთან დაკავშირებით, ქართული ოცნების “სასოწარკვეთილ კამპანიაში” ჩაერთო.

მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მთავარ არხს სატელეფონო ინტერვიუს დროს უთხრა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია და დეპუტატების აღნიშნული ჯგუფი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

“მინდა გამოვეხმაურო იმ კამპანიას, სასოწარკვეთილ კამპანიას, რომელსაც ეწევა ქართული ოცნება, მაგრამ არაფერი არ გამოსდის და რომელშიც ჩართეს ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი. ეს ადამიანები თავად თავს რომ ასაღებენ ოპოზიციონერებად, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან. ჩართეს ეს ადამიანები და რას საუბრობენ, რომ თითქოს, ვინაიდან მე განვაცხადე უარი, მიმეღო ინდულგენცია და გამოსასყიდის თანხა არ ჩავარიცხინე ევროკავშირს, ამის შემდეგ ამოქმედდა სათადარიგო მექანიზმი – ამნისტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მელიას რომ მიეღო ეს თანხა ევროკავშირისგან, ამნისტია კი არ იქნებოდა დღის წესრიგში. აი, ამას ტირაჟირებს ქართული ოცნების პროპაგანდა. ქართული ოცნება, ელისაშვილი, ხვიჩია ბრიფინგებს ატარებენ. ეს არის განპირობებული რით, ძალიან კარგად ვხვდები. იმიტომ, რომ ვერც ერთ ეტაპზე, მათ ჩემზე გამარჯვება ვერ მოიპოვეს, პირიქით, რამდენჯერაც შემომიტიეს, იმდენჯერ გამაძლიერეს… ამიტომ, ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოების ნაწილი მაინც შეიყვანონ შეცდომაში”, – აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.

ოცნების  წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.

იტვირთბა....