ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს, რომ თუკი, ქართული ოცნება ამნისტიის აქტში 20 ივნისის დამნაშავეების ჩაწერას მოინდომებს, კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღონ.
როგორც მთავარ არხს მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განუცხადა, ოპოზიციური პარტიები ფრთხილად უნდა იყვნენ.
,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება პრინციპების დონეზეც კი, პირველივე დღესვე ჩაწერს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს მოძალადეებზეც. ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს პირველ რიგში, ხელმომწერებს და ხელმომწერებმა რაც არ უნდა მოინდომონ, რომ მოძალადეები იქ არ იყვნენ ჩაწერილი, ამას ქართული ოცნება მაინც გააკეთებს და აპელირებას მოახდენს უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე. ბატონი კობახიძე და თალაკვაძე ლაპარაკობენ, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც საქმე არის აღძრული და ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც პოტენციურად შეიძლება საქმე აღიძრას. 20 ივნისის გადაფურცვლა არავის არ გამოუვა. მე მგონია, რომ ქართული ოპოზიცია, ის ნაწილი, რომელიც ახლა ამ სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე მათ არ განვიკითხავ და არც ვაკრიტიკებ, ნურავინ მიიღებს ამას კრიტიკად. თუკი, ისინი დარწმუნდებიან, რომ მცდელობა არის უშედეგო, ქართული ოცნება გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში მე მათ მივმართავ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამნისტიის კანონპროექტზე კენჭისყრაში“, – აცხადებს მელია.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.
იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.
შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.
რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.
ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.