“ამ გადაადგილებებით რეალურად არაფერი არ იცვლება”, – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომას.
უდუმაშვილის თქმით, მმართველ პოლიტიკურ პარტიაში შეუქცევადი რღვევის პროცესი მიმდინარეობს.
“ფაქტი არის, რომ ქართულ ოცნებაში შეუქცევადი რღვევის პროცესი მიმდინარეობს. პრაქტიკულად, ჩამოიშალა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი. ეს ნიშნავს იმას, რომ არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში შექმნილი. ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის სწორედ ვადამდელი არჩევნები… ვინც არ უნდა მოვიდეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ახლა რომ გვეუბნებიან, რომ ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს, ქართული ოცნების წარმომადგენელი ნეიტრალური ფიგურა როგორ უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე? რა ლოგიკაა ამაში საერთოდ”, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.