“მიხარია, რომ ის, როგორც ძლიერი სპიკერი, საპარლამენტო ცხოვრებას უკვე აქტიურ პროცესში შემოუერთდება”, – ასე ეხმაურება პარტია ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომას.
წილოსანის შეფასებით, თალაკვაძის თავმჯდომარეობას საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდის სწორად მართვა უკავშირდება.
“არჩილის თავმჯდომარეობას უკავშირდება საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდის სწორად მართვა. ურთულესი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, მნიშვნელოვანი გაძლიერება, რადგან არაერთ საკვანძო საკითხში ჩვენ, კომიტეტებს, მისი მხარდაჭერა უპირობოდ გვქონდა… ასევე, წარმატებები ჩემს მეგობარ კახა კუჭავას. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად წარუძღვება საპარლამენტო საქმიანობას”, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.