საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტით ამნისტიის გამოცემა პარტიების უფლება კი არა, ნაკისრი ვალდებულებაა.
როგორც სოციალურ ქსელში ოხანაშვილი წერს, ამნისტიის საკითხზე სპეკულირებას წერტილი უნდა დაესვას.
“წერტილი რომ დაესვას 19-21 ივნისის ამნისტიაზე სპეკულირებას – შარლ მიშელის დოკუმენტით ამნისტიის გამოცემა პარტიების უფლება კი არა, ნაკისრი ვალდებულებაა! ყველა ხელმომწერი პარტია შეუერთდა სტრატეგიული პარტნიორების სულისკვეთებას და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რათა გადაიშალოს 20-21 ივნისის მძიმე ფურცელი და გადაიტვიროს პოლიტიკური სიტუაცია! შესაბამისად, ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გიარაოს გადახდა/არგადახდაზე არ არის დამოკიდებული! ეს შეთანხმება და ჩვენი სწრაფვა ევროპისაკენ მიუღებელია ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის. ამიტომ, ჩვენ სრულად დავიცავთ ევროპულ შეთანხმებას”, – წერს ოხანაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.
იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.
შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.
რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.
ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.
მელია ამნისტიის აქტს ისტორიის გადაწერად აფასებს და ამბობს, რომ 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია.