ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-ს თანამშრომლებს, რომლებმაც ჯარისკაცებს საპირფარეშო ახეხინეს, პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

შემდეგი სასამართლო პროცესი 8 ივნისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის შსს-ს 2 თანამშრომელი 21 აპრილს დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 29 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ჯარისკაცების მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაიწყო.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ ე.წ. ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები. კერძოდ,

2020 წლის 14 მარტს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ერთი საათიდან ორ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილს, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკი.

ასევე, 2020 წლის 25 მაისს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ერთი ჯარისკაცი აღჭურვა 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით და აღნიშნული ეკიპირებით ათი-თერთმეტი საათის განმავლობაში, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ფეხსაცმლისა და კბილის ჯაგრისებით, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, საპირფარეშო ოთახის იატაკი, საპირფარეშოს კარები და ჩარჩოები, უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა.

გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის 03 ივლისს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცს, რომელიც პირადი შემადგენლობის სხვა ჯარისკაცებთან ერთად იდგა მწყობრში ყაზარმის სიახლოვეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა ყელის არეში და თავი ჩაარტყა შუბლში.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ამავე სამმართველოს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ე.წ. ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები. კერძოდ,

2020 წლის 28 იანვარს, ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ნახევარი საათიდან ერთ საათამდე ხანგრძლივობით, კბილის ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის იატაკი და ონკანის ნიჟარები.

ასევე, 2020 წლის 24 მაისს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ 2 ჯარისკაცს, ორი საათიდან ოთხ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილებს, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, პირსაბანი ოთახის იატაკი და საპირფარეშოს კარი.

გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის 17 ივნისს, ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახი, პირსაბანი ოთახის სივრცე და საპირფარეშოს კარი.

ზემოაღნიშნული გარემოებები დასტურდება ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ფოტო-მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით, მათ შორის დეპარტამენტის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით და სხვა მტკიცებულებებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილი გარემოებების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ზემოაღნიშნულ პირთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ბრალდებით დაკავების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსი გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სამი სხვადასხვა ეპიზოდის ბრალდებით, რაც პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. რაც შეეხება ამავე სამმართველოს ცვლის უფროს დ.დ.-ს, იგი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ორი სხვადასხვა ეპიზოდის ბრალდებით, რაც პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის – ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ამბობენ უწყებაში.

იტვირთბა....