ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი პოლიტიკურ პარტიებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს.
როგორც მაკალისტერმა ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტი საქართველოს წინსვლის გზას წარმოადგენს.
“ახლა, როცა შეთანხმება გვაქვს, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ცალკეულ დეპუტატებს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს. ეს შეთანხმება საქართველოში წინსვლის გზაა ჩიხის დასაძლევად, რომელიც საქართველოსთვის ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მიშელმა სწორად აღნიშნა, რომ ეს არ არის ფინიშის ხაზი. ეს საწყისი წერტილია და ახლა, როცა ამ პოლიტიკურ შეთანხმებას ბევრი პოლიტიკური აქტორი დათანხმდა, ველოდებით სხვებსაც. გვჭირდება წინსვლა და ამიტომ არის ეს დოკუმენტი საწყიოსი წერტილი”, – განაცხადა მაკალისტერმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.
იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.