ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი მელიაზე: ამნისტიას გირაოს გადახდა ჯობია

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს, მორალური დილემის წინაშე დგას.

როგორც მეტრონომს ხუხაშვილმა უთხრა, გამომდინარე იქიდან, რომ ამნისტიის აქტით, მმართველ  პოლიტიკურ გუნდს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დისკრედიტაცია და ქართული ოცნების ხელისუფლების “ცოდვების ჩამოწერა” სურს, უმჯობესია, მელიამ დილემა საპატიმროს გირაოს სანაცვლოდ დატოვების გზით აირჩიოს.

“მელია დგას ახლა გარკვეული მორალური დილემის წინაშე. სასწორის ერთ პინაზე არის მისი სიტყვა, რომ ის არ გადაიხდის გირაოს და მეორე მხარეს არის ის, რომ ამ აქტის შედეგად, ის შეიძლება იყოს გათავისუფლებული და გარკვეულწილად, მასზე გადავიდეს პასუხისმგებლობა სისტემის დაუსჯელობასთან დაკავშირებით. ასეთი მორალური დილემის პირისპირ, მე მაინც ვფიქრობ, რომ უმჯობესია, მან გადაიხადოს გირაო, ახსნას ეს კარგად, თუ რატომ დგამს ამ ნაბიჯს. ეს არ ნიშნავს, ბუნებრივია, დანაშაულის აღიარებას. გარდა ამისა, ის უკვე გამარჯვებულია გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური ამოცანა, რიგგარეშე არჩევნების გარკვეული დათქმით დანიშვნის შესახებ, უკვე შესრულებულია. შესაბამისად, გირაოს გადახდის შემთხვევაში, არანაირ ზიანს ის არ იღებს, ჩემი აზრით. ასეთი ტიპის მორალური დილემა უნდა გადაწყვიტოს, ალბათ, უფრო გირაოს გადახდით, თუ, რა თქმა უნდა, კიდევ სხვა მექანიზმი არ მოიძებნა. ახლა საუბარია ევროპარლამენტარების თავდებობაზე, მაგრამ დიდი შანსია, რომ ეს ხელისუფლებამ არ მიიღო გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს თავისი ამოცანები საკუთარი ცოდვების ჩამოწერის, მელიას დისკრედიტაციის და საერთოდ, ამ სამართალწარმოების შეჩერების”, – აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპერტის აზრით, ამნისტია არა ნიკა მელიას გათავისუფლებას, არამედ ხელისუფლების პრობლემების გადაწყვეტას ემსახურება.

“ამნისტიის თემა არის პრობლემატური თემა იმიტომ, რომ აქ შეიძლება დაიბადოს სერიოზული კონფლიქტი, რაც შეთანხმებას რისკის ქვეშ დააყენებს. ხელისუფლება ცდილობს, რომ ვითომ მელიას გამო მოფიქრებულ ამნისტია გამოიყენოს საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად. მას აქვს ორი დიდი პრობლემა მოვლენებთან დაკავშირებით. პირველი – ის, რომ მომიტინგეების მიმართ, სამართალწარმოება არის პრობლემატური, ძალიან გაბერილია ბრალდებები და შესაბამისად, მტკიცებულებით ნაწილში, მათ პრობლემები ექნებათ სასამართლო ეტაპზე. მეორე – ხვდება, რომ სისტემის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც აგრეთვე ჰქონდა ადგილი იმ დღეს, პირველ ეტაპზე, თუ სამართალდამცავი სისატემა მუშაობდა კანონის ფარგლებში, მეორე ეტაპზე აშკარად ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რასაც მოჰყვა მძიმე შემთხვევები ზოგიერთ შემთხვევაში. აი, ამ ყველაფრის ჩამოწერაც უნდა ხელისუფლებას. შეიძლება ვთქვათ, რომ ამნისტია იმდენად მელიას გათავისუფლებას არ ემსახურება, რამდენადაც ხელისუფლების პრობლემების გადაწყვეტას. ხელისუფლებას უფრო აწყობს ამნისტიის აქტი”, – უთხრა მეტრონომს გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.

ოცნების  წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.

მელია ამნისტიის აქტს ისტორიის გადაწერად აფასებს და ამბობს, რომ 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია.

იტვირთბა....