“რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიღმის მასივში ფერაძის ქუჩაზე მამა-შვილი მოკლული იპოვეს.
მკვლელობა გამთენიისას მოხდა. მამაკაცი და 5 წლის ბავშვი მათივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თავში დარტყმის შედეგად დაიღუპა, ბავშვი კი გაგუდულია.
მეზობლების განცხადებით, მათ ხმაური გაიგეს, გარეთ გამოსულებმა კი მოკლული მამა-შვილი ნახეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 5 წლის ბავშვის დედა და ოჯახის სხვა წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან. ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 109-ე მუხლით აღიძრა, რაც პასუხისმგებლობას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაზე აწესებს.