პარტია მოქალაქეების ლიერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, შარლ მიშელთან შეხვედრაზე მან ევროკავშირის პრეზიდენტს სთხოვა რომ არ დაგვივიწყონ და დროდადრო მოგვაქციონ ყურადღება.
“პირველი ნაბიჯი კარგია, მაგრამ საჭიროა, რაზეც შევთანხმდით იმის იმპლემენტაცია, განხორციელება მოხდეს, რომ რეალურად ნდობა აღდგეს მხარეებს შორის, და ჩვენგან იყო თხოვნა, რომ არ დაგვივიწყონ ხოლმე, დროდადრო მოგვაქციონ ყურადღება, რათა საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა ბოლომდე მივიდეს”, – ამბობს ელისაშვილი.
შარლ მიშელისა და ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტში დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ფასილიტატორმა ელჩებმა სცადეს და ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მათი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
მოლაპარაკებები ევროპელი პარტნიორებისა და ელჩების მონაწილეობით რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.