ოპოზიციის ერთერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ახლა ბრძლოა უნდა გააგრძელონ, როგორც პარლამენტში, ასევე, თბილისის ქუჩებშიც. ამის შესახებ სამადაშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრის წინ განაცხადა.
” ჩემი სურვილი ნამდვილად იქნებოდა, რომ ჩვენ აქ ოპოზიციური დეპუტაციის სრული შემადგენლობით შევკრებილიყავით. ამავე დროს მინდა ავუხსნა საზოგადოებას,რომ მათ შორის დღევანდელი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ემსახურება იმას, რომ ჩვენ მასთან ერთად კიდევ ერთხელ გავიაროთ შეთანხმების ყველა ის პუნქტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მალე ვიხილავთ როგორც ერთ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას, ასევე ნიკა მელიას თავისუფლებაზე. ამის შემდეგ მე შემიძლია გითხრათ და გაგიზიაროთ ჩემი იმედი – ეს უკვე გახსნის გზას იმისთვის, რომ ოპოზიცია აქ, პარლამენტში სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, სწრაფად უნდა შედგეს სრული ძლიერი ოპოზიციური ერთიანობა პარლამენტში, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა სწრაფად საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც თბილისის ქუჩებში იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციამ მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება. ამის შედეგად მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ.
მე არ ვუპასუხებ არც დღეს და არც არასდროს არცერთ ბრალდებას. ზუსტად ვიცი, რომ დღეს აქ ევროკავშირის უმაღლეს პირთან შეხვედრაზე ვიმყოფები იმისთვის, რომ მას გადავუხადო მადლობა, რაც მან ჩვენი ქვეყნისთვის, ოპოზიციის, ხალხის და დემოკრატიის ინტერესებისთვის გააკეთა”, – ამბობს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში ევროკავშირის პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.