ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, საქართველოში პოლიტიკოსებმა მიაღწიეს შეთანხმებას და პოლიტიკური კრიზისი დასარულს მიუახლოვდა. ამის შესახებ შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა.
“დიდი მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს მასპინძლობისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს გახლავთ დღე, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ძალიან მნიშნველოვანი მიღწევაა. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას და საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით, მე კარგად ვიცი რამდენი შრომაა ჩადებული ამაში, მე კარაგდ ვიცი რომ ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი”, – ამბობს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ფასილიტატორმა ელჩებმა სცადეს და ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მათი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
მოლაპარაკებები ევროპელი პარტნიორებისა და ელჩების მონაწილეობით რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.