მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მამაკაცი 19 აპრილს სათევზაოდ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
“მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება გაუჩინარებული მამაკაცის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე 19 აპრილს სახლიდან სათევზაოდ გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
შეტყობინების მიღებისთანავე, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მდინარე მტკვარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო. მაშველები დაკარგულ მოქალაქეს როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე ეძებდნენ. მაშველებმა აქტიური სამუშაოების შედეგად, მამაკაცის ცხედარი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, წყალში აღმოაჩინეს.
პროცესში ჩართული იყო 3 მყვინთავი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო 4 ნავი”, – ნათქვამია განცხადებაში.