ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში მაშველებმა მამაკაცი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცს ფეხით გადაადგილებისას პრობლემა შეექმნა და მაშველების დახმარებას საჭიროებოდა.
“მოქალაქემ ძლიერი ქარბუქის გამო, ვერ მოახერხა გზის გაგრძელება და გაჩერდა მდინარე თერგის ნაპირზე.
შეტყობინების მიღებისთანავე, მამაკაცის დასახმარებლად გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. რთული რელიეფის და უამინდობის გამო, მოქალაქის ადგილსამყოფელისკენ გაემართა მაშველთა ქვეითი ჯგუფი. ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოახერხდა მამაკაცის დროულად პოვნა და სამაშველო მანქანამდე უვნებლად ჩამოყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ სტეფანწმინდის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.