“მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე მოდის საქართველოში, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოაღწია”, – ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ, საქართველოში ჩამოვა.
მისი თქმით, სააკაშვილს თუ ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი აქვს, წინასწარი განცხადებების გარეშე უნდა ჩამოვიდეს.
„ნაცმოძრაობაში თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, ვინ არის მათი ლიდერი, ფორმალური თუ არაფორმალური, ადამიანი, რომელიც ყოველდღე, დილა-საღამოს მოდის საქართველოში, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოაღწია. საქართველოში მისი ჩამოსვლა რა სამართლებრივი მექანიზმების ამუშავებას გამოიწვევს, ეს კარგად ვიცით. ჩამოსვლის სურვილი თუ აქვს, ყოველგვარი განცხადებების გარეშე შეუძლია, ჩამოვიდეს. აქ დახვდება არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და მისი აღსრულება მოხდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმი უწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნების წინ, საქართველოში ჩამოვა.