ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე სააკაშვილის მოწოდებაზე: იმედია, ეს წინადადება იქნება მოწონებული პოლიტსაბჭოს მიერ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ეხმაურება და იმედოვნებს, რომ წინადადებას, მელიას გათავისუფლების შემდეგ, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, პოლიტსაბჭო მოიწონებს.

როგორც გოცირიძემ მეტრონომს განუცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მასაც იგივე პოზიცია ჰქონდა.

“ზუსტად იგივე პოზიცია მქონდა პოლიტსაბჭოს სხდომაზე. შეიკრიბება პოლიტსაბჭო და გავაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს და იმედი მაქვს, რომ ეს წინადადება იქნება მოწონებული პოლიტსაბჭოს მიერ”, – განაცხადა გოცირიძემ.

მეტრონომის შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა სააკაშვილი ადგილობრივ არჩევნებზე საქართველოში, როგორც ეს მან დაანონსა, ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ იმ დროისთვის არსებულ ვითარებას გააჩნია.

“სააკაშვილი აქამდეც ჩამოვიდოდა უსაფრთხოების გარატია რომ იყოს. ის რომ ჩამოსულიყო, ხელისუფლება ამას გამოიყენებდა პროვოკაციისთვის, თან არჩევნებში ის შედეგი არ ექნებოდა ოპოზიციას, რაც მიიღო, ვინაიდან ხელისუფლება შეეცდებოდა ვითარების ესკალაციას. ამიტომ, სააკაშვილის ნაბიჯი რომ წინასაარჩევნოდ არ ჩამოსულიყო, იყო სწორი. ყოველთვის ერთი და იგივე კონტექსტი არ არის პოლიტიკაში. წინასაარჩევნო პერიოდში ვნახავთ, რა ვითარება იქნება”.

მიხელ სააკაშვილმა დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდა, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს.

ვიდეომიმართვაში ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ, საქართველოში ჩამოვა.

 

იტვირთბა....