ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, მელიას გათავისუფლების შემდეგ, მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიშელის დოკუმენტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკულად ინიშნება რეფერენდუმი, რაც ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებას გულისხმობს.

„ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, გაუგებარი გიაროს გარეშე უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს. რადგან ის იმყოფება იქ უკანონოდ და უდანაშაულოდ, მაგრამ მას შემდეგ, რაც დატოვებს საპატიმროს ამ პირობებით, მინდა, მოვუწოდო ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, რადგან აქ არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი ქართული ოცნების, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე. 43-პროცენტიანი ბარიერი ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის დაშვება რიგგარეშე არჩევნების და რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე“, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

იტვირთბა....