სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს.
რიოგორც ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უმჯობესი იქნება, თუ დოკუმენტს ხელს საქართველოში შარლ მიშელის ჩამოსვლამდე მოაწერენ.
“ერთმანეთთან გადაძახილებს, ჯობია, რომ ყველამ მოვაწეროთ ხელი. დღეს ჩამოდის შარლ მიშელი. ძალიან კარგი იქნება, რომ მის ჩამოსვლამდე მოაწეროს ყველამ ხელი ამ დოკუმენტს და შეუერთდეს ამ დოკუმენტს. უფრო მეტსაც გეტყვით, ყველა ამ პოლიტიკურ ძალასა და ამ პიროვნებებს, დარწმუნებული ვარ, მაინც ვიხილავთ პარლამენტში”, – აცხადებს ვაშაძე.
შეგახსენებთ, 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.