“პარლამენტის სასახლე ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და ის გირჩის არც ერთი მეფის სასახლე არასდროს გახდება”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გირჩის განცხადებას, რომ საკანონმდებლო ორგანოში პარტიის სამეფო იქნება.
თალაკვაძის თქმით, გირჩის “ორიგინალური სტილი” პარლამენტის ტრადიციებსა და სამუშაო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს.
“გირჩს შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს ამ პარლამენტში, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც მას საზოგადოების ნაწილმა მისცა. მესმის, რომ მათ აქვთ თავისი ორიგინალური სტილი, თუმცა ეს პარლამენტის ტრადიციებზე და სამუშაო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანაბარ პირობებში, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და ერთად დავინახავთ, რის გაკეთებას შეძლებს გირჩი პარლამენტში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გირჩის ლიდერები აცხადებენ, რომ რეგლამენტით გათვალისწინებულ საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან მანამ, სანამ პარტიის 7 წინაპირობიდან ერთ-ერთი არ დაკმაყოფილდება.