ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიის ნაწილმა ხელი მოაწერა. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის ოფისში ოპოზიციასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

შეხვედრას არ დასწრებია მმართველი გუნდი. ვაშაძის თქმით, ოცნების წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობას ესემესით შეატყობინეს, რომ შეხვედრაზე არ მივიდოდნენ.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....