პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის მეორე დოკუმენტზე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის მიერ გამოთქმულ ხელმოწერის მზაობას აფასებს.
ბრიუსელში ვიზიტად მყოფ კობახიძეს მოსწონს, რომ პროცესი სრულდება შეთანხმებით და ოპოზიციური სპექტრის ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შევა.
“ძალიან კარგია, რომ საბოლოო ჯამში, პროცესი სრულდება შეთანხმებით და ჩვენ ვიხილავთ ოპოზიციის ნაწილს, სულ მცირე, პარლამენტში. იმ ნაწილს, რომელიც იქნება გამიჯნული რადიკალური ნაწილისგან და ეს მათ უნდა მივულოცოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი, საბოლოო ჯამში, ახერხებენ და დაეხსნებიან ოპოზიციის რადიკალურ ფრთას და შესაბამისად, მათ შეუძლიათ უკვე, რომ კონსტრუქციულ პროცესებში ჩაერთონ, ნორმალურ, საპარლამენტო, პოლიტიკურ პროცესში. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ქვეყანამ კიდევ უფრო წინ წაიწიოს. ჩვენ უნდა გადავერთოთ აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგზე. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც ამერიკულ, ასევე ევროპელ პარტნიორებთან და ისინი აღფრთოვანებულები არიან იმ ნაბიჯებით, რომელსაც დგამს ქართული ოცნება”, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტის დღევანდელ ბრიფინგსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ლოგიკურია.
“რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ პირობას, ამ პირობაზე საუბარი იყო დოკუმენტშიც. უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში და ამის შემდეგ მოხდება პატიმრების გათავისუფლება, ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკური იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადება,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.