პარლამენტის არჩეული დეპუტატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის მიერ ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს.
როგორც შავგულიძე ამბობს, დოკუმენტს კორექტირება სჭირდება და იმედოვნებს, რომ ცვლილებები განხორციელდება.
„ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის წინადადებები გარკვეულ დახვეწას საჭიროებს, მაშინ იქნება ძალიან კარგი. რაღაც დახვეწა სჭირდება რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თემას, ცოტა სიზუსტის შეტანა. ვფიქრობ, რომ ეს მცირედი ცვლილები განხორციელდება. თავისი არსით, რა თქმა უნდა, ეს ბოლო შემოთავაზება არის ის შემოთავაზება, რომელსაც კრიზისის განმუხტვა შეუძლია და მე მხარს დავუჭერდი მას. სასურველი იქნება მცირედი დახვეწა, უფრო თვალსაჩინო და გასაგები რომ იყოს და „ქართულ ოცნებას“ არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არ მიეცეს. რიგგარეშე არჩევნების მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან პრინციპულად არასწორად მიმაჩნია, რადგან სულ სხვაა საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, რურუასთან დაკავშირებით ყველაზე სწრაფი გზა არის შეწყალება, თუმცა, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ისევ გირაოს გადახდაზე აქცენტირება, გაუმართლებელია. გირაოს გარეშე უნდა მოხდეს ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა. ეს კორექტირებები არის საჭირო”, – აცხადებს შავგულიძე.
მისი თქმით, ოპოზიციამ დასავლურ სტრუქტურებასთან დაპირისპირებას ხელი არ უნდა შეუწყოს.
“მე ძალიან ვისურვებდი, რომ ეს კორექტირებები იყოს, მაგრამ თუ არ მოხდება ასეთ შემთხვევაში, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ და შესაბამისად, შევალ პარლამენტში. მიმაჩნია, რომ კრიზისის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილის მიზანია, ევროპულ და დასავლურ სტრუქტურებს დაუპირისპირდეს, ამის შესაძლებლობა მას ოპოზიციამ ჩვენდა უნებლიედ არ უნდა მივცეთ, ხელი არ უნდა შევუწყოთ ზოგადად პოლიტიკური სპექტრისა და დასავლურ სტრუქტურებთან დაპირისპირებას. მიუხედავად ამ ხარვეზებისა, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ, რადგან თუ ჩვენ დასავლეთთან შევალთ დაპირისპირებაში და ჩვენს დახმარებაზე ჩვენივე ნებით ხელს ავაღებინებთ, თვალისდახამხამებაში აღმოვჩნდებით რუსეთის პატრონაჟის ქვეშ, რისკენაც ისწრაფვის ივანიშვილი და ოცნება და ამაში მას ხელი არ უნდა შევუწყოთ“, – უთხრა შალვა შავგულიძემ ინტერპრესნიუსს.
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წარმოადგენლობის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.
შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ პირველ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.