ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: სამწუხაროა, რომ შეიცვალეს პოზიცია ჩვენმა პარტნიორებმა – ევროპული საქართველოს მსგავსად, სიმყარე უნდა გამოეჩინათ

ევროპული საქართველოს თავმჯდომარეს,  გიგა ბოკერიას მიაჩნია, რომ ოპოზიციურ სპექტრს, როგორც შარ მიშელის პირველ დოკუმენტთან დაკავშირებით იყო ერთსულოვანი, მეორე დოკუმენტთან მიმართებაშიც, თანმიმდევრული პოზიცია უნდა ჰქონოდა.

ბოკერია ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ პოზიციის შეცვლას მცდარ გადაწყვეტილებას უწოდებს.

“ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ პარტნიორებსაც, ევროპული საქართველოს მსგავსად, თანმიმდევრობა და სიმყარე გამოეჩინათ. პატივს ვცემ მათ პოზიციას, მაგრამ მცდარად მიმაჩნია პოზიციის შეცვლა. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ერთობლივი პოზიცია გვქონდა… როგორც წინა არასრულფასოვან დოკუმენტზე ერთნაირი პოზიცია გვქონდა, ასევე უნდა გაგვეგრძელებინა და უნდა ვცადოთ კიდევ გაგრძელება, რომ მივიღიოთ იმ ტიპის პოლიტიკური დოკუმენტი და იმ ტიპის ვითარება, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან… სამწუხაროა, რომ შეიცვალეს პოზიცია ჩვენმა პარტნიორებმა”, – განაცხადა გიგა ბოკერია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის წარმოადგენლობის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ პირველ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....