ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლელო მიშელის ბოლო დოკუმენტს ხელს მოაწერს

პარტია – ლელო საქართველოსთვის აცხადებს, რომ შარლ მიშელის მიერ ქართული ოცნებისა და ოპოზიციისთვის წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პარტიის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ლელო პრინციპულად ეთანხმება დოკუმენტს. მასში არის გარკვეული საკითხები, რაც უნდა დაზუსტდეს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ… პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნისთვის, რომ მიღწეულ იქნას პოლიტიკური შეთანხმება და ამ შეთანხმების სულისკვეთებით, ლელო მხარს უჭერს  ხელმოწერას, გადატვირთვას და განახლებას, რომელიც ასე სჭირდება ჩვენ ქვეყანას”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის წარმოადგენლობის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ პირველ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

 

იტვირთბა....