ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბერძენიშვილი: გახარიას პარტიის შემოსვლის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, თვითმმართველობის არჩევნებში ოცნება 40%-საც ვერ აიღებს

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თუკი მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას ფაქტორს გავითვალისწინებთ, მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ის აღება გაუჭირდება. ამის შესახებ ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“გახარიას პარტიის შემოსვლის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ 43 კი არა 40 პროცენტიც ვერ აიღოს ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებში, და ამ შედეგის უზრუნველყოფა მთლიანად ოპოზიციური პარტიების ხელშია. ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის, უბნის კორდინატორების, ზონდერ-შპანას თუ კარტოფილების დარიგების ხარჯზე პროცენტის მომატებას თავისი ზღვარი აქვს. თან ეს არჩევნები უკვე დასავლეთის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება, რომ იტყვიან, გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან ყველაფერს.

ერთადერთი, რამაც შეიძლება სერიოზული ფორა მისცეს ხელისუფლებას ამ არჩევნებში, ესაა ნაცმოძრაობის მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა და ბოიკოტის გაგრძელება”, – წერს ბერძენიშვილი.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის ოფისში ოპოზიციასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

შეხვედრას არ დასწრებია მმართველი გუნდი. ვაშაძის თქმით, ოცნების წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობას ესემესით შეატყობინეს, რომ შეხვედრაზე არ მივიდოდნენ.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....