ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.
ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით, აშშ და ევროკავშირი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.
ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს.
შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არის სარგებლის მომტანი მისი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეფორმები ხელს უწყობს შექმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეუძლია წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა.
ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს”, – ნათქვამია ერთობლივ განაცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.