ეკონომიკის მინისტრის თქმით, ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, რომელზეც პროექტის მოწინააღმდეგეები საუბრობენ, ინვესტორისთვის მიწის გადაცემაა, რაზეც განმარტებები არაერთხელ გაკეთდა. როგორც თურნავამ ექსპერტთა ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში პრაქტიკულად ყველა ელექტროსადგური, გარდა ენგურჰესისა, არის კერძო, სადაც ინვესტორი ფლობს კანონიერად მიწას და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
„ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავ სარგებლობის კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რომელიც არის 99 წელი – ეს იყო სატენდერო პირობა, როდესაც თავის დროზე, ეს პროექტი გატენდერდა და რასაკვირველია, იქიდან გამომდინარე, რომ იყო სატენდერო პირობა, მოქნილობა ნაკლები გვაქვს.
თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ ასეთი ძალიან ბევრი პრეცედენტია და ეს არის კანონთან სრულიად შესაბამისი გადაწყვეტილება. მიწით საერთოდ უვადო სარგებლობის პრეცედენტიც არის არა მარტო საქართველოში, სადაც რეალურად, ყველა კერძო პროექტი ასეთია, არამედ ასეა ჰიდროსადგურები მაგალითად, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში“, – თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ. ხელისუფლება კი თვლის, რომ ჰესის აშენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტია.