გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მეტრონომთან საუბარში აცხადებს, რომ ორშაბათს 19 აპრილს გირჩი პარლამენტში მივა.
მეგრელიშვილის თქმით, გირჩის წევრები საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ოთახებსი მოსანახულებლად მიდიან.
“ორშაბათს პარლამენტში მისვლას ვაპირებთ. ჩვენი პირობებით ვაპირებთ პარლამენტში მისვლას. სხდომათა დარბაზში არ შევდივართ. ჩვენ პარლამენტის არჩეული წევრები ვართ გვაინტერესებს სად მდებარეობს ჩვენი ოთახები”, – აცხადებს მეგრელიშვილი.
შეგახსენებთ, გირჩმა გაზეთის პირველი გვერდი გამოაქვეყნა თიზერის სახით, სადაც მათი სამოქმედო გეგმა ჩანს, რა შემთხვევაში შევლენ პარლამენტში.
გირჩი ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ ქართული ოცნება დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და შესრულებას:
- ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
- კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან;
- რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
- პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულებს ექნებათ უფლება, თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
- ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
- რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
- მოხდება მარიხუანას სრული ლეგალიზაცია;
“თუ მეათე მოწვევის პარლამენტი შეძლებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე ცვლილების სრულფასოვანად განხორციელებას, გირჩი ამ პარლამენტში შევა და მიიღებს მონაწილეობას ამ რეფორმათა განხორციელებაში. ხოლო თუ მმართველი პარტიის წევრები პარლამენტში მარტო დარჩენილთაც კი არ უნდათ არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ძალაუფლების სხვისთვის, თუნდაც მცირედით, მაგრამ რეალური გადანაწილება მოხდეს – ეს გარემოება ჩვენთვის 3-4 ადამიანისგან შემდგარი ფრაქციისთვის, პარლამენტს უინტერესოს ხდის, რადგან გასაგებია, რომ მმართველ პარტიას ძალიან უცნაურად ესმის პარლამენტარიზმის მნიშვნელობა, ხოლო ჩვენ, ჩვენი მცირე ძალებით, დანარჩენი ოპოზიციის გარეშე ამ ფაქტს ვერ შევცვლით. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ დაადასტურა არჩევნების გაყალბების ფაქტი, გვიწევს ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა. თუმცა, ჩვენი ბოიკოტი განსხვავებული იქნება ჩვენი კოლეგების ბოიკოტისგან.
. ჩვენ არ ავიღებთ არც ხელფასს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;
. არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში;
. არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებთ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქარველოს ყველა მოქალაქეს), პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას.
. ჩვენ პარლმენტში ჩამოთვლილი საკითხების მოსაწესრიგებლად შევდიოდით, სწორედ ამ მიზნით ვურთიერთობდით მთელი წელი ოპოზიციასთან, რათა მათი დახმარებით მიგვეღწია ჩვენი მიზნებისთვის. იგივეს გაგრძელებას ვეცდებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, პარლამენტის დერეფნებში და თუ მეათე მოწვევის პარლამენტს აღმოაჩნდება ამ ფუნდამენტური საკითხებიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის უნარი მაინც, ჩვენ ჩავთვლით, რომ პარლამენტი შედგა და ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მის საქმიანობაში” ,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ გეგმაში.
ჯერჯერობით, უცნობია თუ რა პოზიცია აქვს გირჩის შეთავაზებაზე მმართველ გუნდს.