ახალი ამბები მთავარი

გოლეთიანი: აქციაზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს, შეიძლება მოხდეს დაპირისპირება

“ვხედავთ, რომ სხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს ჩვენს აქციაზე. მივმართეთ პოლიციას და ვუთხარით, რომ შეიძლება მოხდეს დაპირისპირება, რამაც გამოიწვიოს ჩვენი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დისკრედიტაცია, რაც ცალსახად ხელისუფლების ინტერერსშია”, – ამის შესახებ “რიონის მცველების” აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციაზე მოსალოდნელია დაპირისპირება. გოლეთიანმა უწყებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა:

“ამ ყველაფრისთვის თავის ასარიდებლად და პრევენციისთვის ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას, რომ გავემიჯნოთ მთელ ამ პროცესს. თუ ეს ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ჩვენ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეეები გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში. შეიძლება წინასწარ პოლიციას აქვს მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია, ამიტომ, თვითონვე შორს დაიჭირეს თავი.

ვინ არიან ცალკეული პიროვნებები, ამის გამოყოფა არ შეგვიძლია. უბრალოდ ვიცით, რომ დგანან სხვადასხვა ჯგუფები, რომელთაც ზოგადად, ისტორიულ კონტექსტში აქვთ დაპირისპირება სხვადასხვა აქციებზე. ჩვენი მიზანი არ არის ვინმესთან შევიდეთ დაპირისპირებაში”, – თქვა გოლეთიანმა.

ცნობისათვის, ჰომოფობიური და ქსენოფობიური მოძრაობა ქართული მარში ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ.

ნამოხვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....