ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

GDI: მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა გუმათში

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ხელისუფლებას მოუწოდებს ნამოხვანჰესის მცველების მიმართ შეწყვიტონ სისხლისსამართლებრივი დევნა.

ორგანიზაცია წერს, რომ აქტივისტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

“გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ 14 აპრილს “ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციაზე ხუთი აქტივისტი დააკავა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ. შსს-მ მათ წინააღმდეგ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დაიწყო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად,  ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს გიორგი მუმლაძე, რომელსაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამდენად, ხელისუფლება კვლავ აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას აქტივისტთა წინააღმდეგ, თუმცა იგი აღარ სჯერდება ადმინისტრაციულ მექანიზმებს და ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის ყველაზე მკაცრ ზომას, სისხლისსამართლებრივ დევნას მიმართავს, რასაც ადასტურებს გიორგი მუმლაძის დაკავება. გასათვალისწინებელია, რომ დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება შეფასდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული და სისხლის სამართლის ნორმის ამგვარი განმარტება თვითნებურია.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციები 12 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთანაც გაიმართა, სადაც პოლიციამ ძალა გამოიყენა. აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით აქტივისტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართეს, რომელმაც შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების საფუძველზე დაიწყო. ამავდროულად, საზოგადოებისთვის ცნობილი არაა არც ერთი შემთხვევა, როდესაც უკანასკნელ წლებში პოლიციელების მხრიდან აქციებზე ძალის გამოყენების გამო, რომელიმე სამართალდამცავმა აგო პასუხი. ეს განსაკუთრებით ეხება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს.

ამდენად, იმ ფონზე როდესაც პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო შემთხვევებში სახელმწიფოს სათანადო რეაგირება არ აქვს, ორმაგად პრობლემურია სისხლის სამართლის ნორმის თვითნებური განმარტების საფუძველზე სამოქალაქო აქტივისტების სისხლისსამართლებრივი დევნა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და რეპრესიული პოლიტიკის გატარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მათ მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო და იმოქმედოს კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად”, – წერს ორგანიზცია

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....