ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, სასამართლომ კობახიძისა და გულიაშვილის დაკითხვის შესახებ, დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
როგორც კონდახაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოსამართლემ უარი განაცხადა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების საქმისთვის დართვაზე.
ადვოკატს არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ოპოზიციური პარტიის ლიდერს გაათავისუფლებს.
“არც პროკურატურას და არც სასამართლოს არ აინტერესებს მტკიცებულებები. სასამართლომ უარი განაცხადა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების საქმისთვის დართვაზე. ეს არის დადგმული სპექტაკლი…
მოსამართლემ გვითხრა, რომ არ აინტერესებს, არის თუ არა პოლიტიკური დევნა; მოსამართლემ გვითხრა, რომ არ აინტერესებს, ჩართულია თუ არა მელიას საქმეში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და არის თუ არა ეს საქმე გამოყენებული პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად; მოსამართლემ გვითხრა, რომ აინტერესებს 20 ივნისის გარე სათვალთვალო ჩანაწერები არის თუ არა განზრახ წაშლილი ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. ამ მტკიცებულების გამოკვლევა პროკურატურის ინტერესებშია, მაგრამ არ აინტერესებთ.
ირაკლი კობახიძე პირდაპირ მიუთითებდა, რომ 2021 წლის 17 თებერვალს, 17:00 საათამდე მათ ჰქონდათ შეჯერებული პოზიცია, რომ მელიას დაპატიმრება უნდა მომხდარიყო იმავე დღეს, მაგრამ შემდეგ აზრთა სხვადასხვაობა მოხდა პრემიერმინისტრსა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის. პირდაპირი აღიარება გააკეთა კობახიძემ და სასამართლომ გვითხრა, რომ ეს არ აინტერესებს.
არც იმ ინტერვიუს გამოიკვლევენ, როდესაც შსს-ს ყოფილი თანამშრომელი პირდაპირ ეთერში აღიარებს, რომ შს მინისტრის მოადგილის დავალებით, ანადგურებდა პარლამენტის შიდა და გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს…
მოლოდინი, რომ მოსამართლეს აქვს დირექტივა ხელისუფლებისგან, მელია გაათავისუფლოს, არ მაქვს”, – აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი იმართება. პროცესს ბრალდებულიც ესწრება.
ამ წუთებში პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.
ცნობისთვის, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.