უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსხური ავრცელებს.
საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.
საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიებების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.